პოლიტიკა
ათასობით დემონსტრანტმა თბილისის მთავარი პროსპექტი გადაკეტა

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთადერთი მოთხოვნა წამოაყენეს – ჩატარდეს პროპორციული არჩევნები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

ეს მოთხოვნა აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს „აღარ აქვს ხელდასხმა ქართველი ხალხისგან“, აღარ აქვს ლეგიტიმაცია.

მისი განცხადებით, ეს მოთხოვნა არის კიდეც მათი გეგმა და სანამ ეს არ მოხდება, ისინი რუსთაველზე აპირებენ „დაბანაკებას“.

ხუთშაბათ დილით საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა შესწორებებს კონსტიტუციაში. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერების მოწოდებამ მაჟორიტარი დეპუტატებისადმი, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, შედეგი არ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შესწორებებს მოითხოვდა და, შესაბამისად, მხარს უჭერდა კანონპროექტს, მთლიანობაში საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 ხმის მიღება მოხერხდა. პარლამენტის წინ სპონტანური აქცია შეიკრიბა, რომელიც საღამოს უკვე მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა.