აქტუალური
„იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლიდან საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზები დაასახელა.

აქცია ჯერ კიდევ გუშინ დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. როგორც ოპოზიციამ განაცხადა, ის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღება ვერ მოხერხდა, იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქტი და არა მაჟორიტარი დეპუტატების მოულოდნელი პროტესტი.

იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას – პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების წინააღმდეგობის გამო ჩააგდო“, – ნათქვამია პარტიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ივანიშვილის სიტყვებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მაჟორიტარულ ოლქებში არჩეულ დეპუტატებს შორის დიდი პოპულარობით არასდროს სარგებლობდა, მაგრამ კომპრომისი მაინც იქნა მიღწეული – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლა.

პროცესის დაჩქარების ინიციატივით, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, იგი თავად გამოვიდა, რაც თბილისში ამ ზაფხულს გამართული საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა.

უმთავრესი, რაც ჩვენ შეთავაზებას უნდა მოჰყოლოდა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის, ხელისუფლებასა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობა პოლიტიკური კულტურის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასულიყო, ხოლო საკუთრივ პოლიტიკურ პროცესს დემოკრატიული განვითარების ახალი ეტაპის დამკვიდრებისთვის შეეწყო ხელი“, – აცხადებს ივანიშვილი.

თუმცა, მისი სიტყვებით, ეს „ქართული ოცნების“ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა. ოპოზიციამ დაიწყო საუბარი, რომ „ხელისუფლებას პროპორციული არჩევნები გამოსტაცა“.

საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ. ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო“, – დაწერა ივანიშვილმა.

მისი სიტყვებით, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან შეურაცხყოფებმა მაჟორიტარი დეპუტატები ძალზე გაანაწყენა.

როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა, რაც ადამიანისთვის საკუთარი პრინციპული პოზიციის ძალით შეცვლის მცდელობას გამორიცხავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იგი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მომხრეა.

მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა. ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება“, – დაწერა ივანიშვილმა.

ექსპერტებისა და ოპოზიციის განცხადებით, არჩევნების პარტიული სიებით გამართვის შემთხვევაში ხელისუფლებას გამარჯვების ნაკლები შანსი ექნება.