პოლიტიკა
საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა - გიორგი გახარია

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული, მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას, ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საბჭოს წევრებმა, სხდომაზე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების აუცილებლობაზე იმსჯელეს. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს.

პრემიერ-მინისტრმა ლევან იზორიას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სრულყოფილი კონცეფციის შექმნა დაავალა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისთვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა იქნება.