აქტუალური
უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით კოორდინაციის ნაწილში. დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას, ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხდომაზე უსაფრთხოების ჭრილში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

ჩვენი უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია. ეს არის ის, რაზეც ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები ვფიქრობთ ყოველდღე. ეს გამოწვევა არის უაღრესად კრიტიკული თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, მათთვის, ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს ცხოვრობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა კიბერუსაფრთხოება.

კიბერუსაფრთხოება, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქვეყანამ იგრძნო, როდესაც კიბერუსაფრთხოების ნაწილში სერიოზული გამოწვევა ჰქონდა ჩვენს სახელმწიფო უწყებებსაც და კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელსაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.