აქტუალური
დღეს პარლამენტი კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს, 14 ნოემბერს უყრის კენჭს. ამის შესახებ გუშინ სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

დეპუტატებმა კენჭისყრის ერთი დღით გადადებას მხარი დაუჭირეს.

მანამდე სპიკერატში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის, უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის, ასევე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელ რომან გოცირიძის, ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილისა და ვიცე-სპიკერ სერგი კაპანაძის მონაწილეობით ხანმოკლე თათბირი გაიმართა.

გუშინვე პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დეპუტატების კითხვებს ირაკლი კობახიძემ უპასუხა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.