აქტუალური
ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიან გეგმას შესთავაზებს

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა ლიეტუველმა დეპუტატებმა ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განვითარების სტრატეგიის საკუთარი ხედვა წარადგინეს.

როგორც უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ წერს, ინიციატივა ითვალისწინებს ე.წ. „ტრიოს პროცესის“ დაწყებას და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გახსნას პარტნიორობის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვთ, კერძოდ – საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის.

შესაბამისი დოკუმენტი „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა დისკუსიაზე „ჩვენი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის“ წარადგინა. აღნიშნული ღონისძიება 12 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა და მასში ევროპარლამენტის წევრი დეპუტატები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„უკრინფორმის“ ცნობთ, ახალი ინიციატივის სახელწოდებაა „ტრიოს სტრატეგია 2030“.

ტრიოს ევროპული პროცესი უნდა იყოს გათვლილი მომავალ ათ წელზე იმ ქვეყნების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან განვითარებული ურთიერთობები აქვთ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფორმატში (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა)“, – აღნიშნულია სტრატეგიის განმარტებაში.

ინიციატივის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმა ასოცირებულმა წევრმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს რეფორმების მოტივაცია და იმპულსი მომავალი ათი წლის განმავლობაში და ამისთვის ევროკავშირმა უნდა შექმნას ახალი გრძელვადიანი ინსტრუმენტები. სტრატეგიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირთან ასოცირებულ სამ ქვეყანაში რეფორმების წარმატება უნდა გახდეს სტიმული აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი სამი წევრისთვის – აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის და ბელარუსისთვის, რათა მათაც აირჩიონ ევროპული ინტეგრაციის უფრო ამბიციური გზა.