პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია - კახა კალაძე

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე გუნდში არის თანხვედრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვლება.

კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ამაზე გუნდში არის თანხვედრა, თუმცა დეპუტატები, რომლების განცხადებებსაც ვისმენთ და რაც სიახლე არავისთვის არ არის, ყოველთვის იყვნენ წინააღმდეგნი. მათ აქვთ თავიანთი დასაბუთება და არგუმენტები, რატომ არ უნდა შეიცვალოს არსებული სისტემა, თუმცა არსებული სისტემა შეიცვლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირება, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს.

არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. ჩვენ დაწყებული გვაქვს შეხვედრები როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქის პარტიულ ორგანიზაციებთან. როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, ისე მმართველი პარტია ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. სიის ფორმირებას რაც შეეხება, დაწყებულია მუშაობა, განხილვები, ჯერ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. როცა იქნება სიახლეები, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვა გუშინ დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტია. ერთი მმართველმა გუნდმა, ხოლო მეორე ოპოზიციამ მოამზადა.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.