აქტუალური
მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ეძლევათ აშშ-ში ლეგალური დასაქმების მიმართულებით - ელიზაბეთ რუდი

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. მოვუწოდებდი ყველას, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალური დასაქმების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა სააგენტოს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, ამერიკაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე მუშაობა, რასაც საქართველოს ხელისუფლება არაერთ ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს.

უკვე არსებობს გზები, რომლის საშუალებითაც ქართველებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის სხვადასხვა კატეგორიის ვიზები, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, იმუშაონ აშშ-ში. მოვუწოდებდი ყველას, ვინც დაინტერესებულია, გაეცნონ ამ შესაძლებლობებს“, - განაცხადა რუდმა.

გარდა ამისა, ელიზაბეთ რუდი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნოს.

ამერიკას ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ამ დროისთვის ეს გახლავართ მე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. რა თქმა უნდა, როდესაც ახალი ელჩი დამტკიცდება, ის ჩამოვა საქართველოში და იქნება ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოში, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის საკითხთან, ჩვენ აქაც გვყავს სპეციალური უფროსი მრჩეველი სახელმწიფო დეპარტამენტში, ენდრიუ შოფერი, რომელიც ჩვენს დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელმძღვანელობს. ის ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებს“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.