საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. 27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვით გახდება. საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრები დაიწყო.
მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდა.
ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. 27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.