საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი.
“ჩვენთან არს ღმერთი!
გიფიქრიათ იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ძვირფასი საუნჯე ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე აცილებს ადამიანს მხოლოდ სამარის კარამდე.
ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი! დაიმახსოვრეთ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი!
ილია ჭავჭავაძემ ბრძანა შესანიშნავი სიტყვები: მამული, ენა, სარწმუნოება… მე ცოტა სხვანაირად გამოვთვქი: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
ადამიანი ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფასია. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ღმერთი გვაძლევს ყოველივე სიკეთეს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: წყალობა შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“… ყოველი ადამიანი განუმორებელია და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, რომელნიც თავდადებლნი არიან სამშობლოსათვის. სამწუხაროდ კი გვახასიათებს ის, რომ: ჩვენ არ ვაფასებთ მათ, არ გვესმის როგორი დიდი საუნჯეა თითოეული მათგანი. დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი ქმნის ისტორიას, როგორც ამას დიდი ბრიტანეთის ცნობილი პრემიერ–მინისტრი ამბოდა.
ქართველი ადამიანი ხშირად არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორედ, უარყოფს და თრგუნავს, ებრძვის მათ. ასეთი პიროვნებები კი იმიტომ მოგვცა ღმერთმა, რომ ისინი ხალხს დაეხმარონ უფალთან მისვლისათვის.
გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია! ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს, ახლობლებს.
მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. მცნება გვასწავლის: ,,პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.“ მე არაერთხელ შეგახსენეთ თქვენ, რომ ვისაც გყავთ მშობლები, ყოველდღე ხელზე ემთხვიეთ მათ და სთხოვეთ კურთხევა და იმათი დალოცვა იქნება ღვთის ლოცვა–კურთხევა თქვენზე და ნიჭი მოგეცემათ ღვთისაგან.
მინდა გითხრათ, რომ ყოველ ადამიანს აქვს რაიმე ნიჭი, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი, ეს ჩვენი დამსახურება კი არ არის, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი და ეს უნდა დააფასოთ და ნიჭიერ ადამიანს მხარში უნდა ამოუდგეთ.
არ არსებობს ადამიანი უნიჭო, მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის გამოვლენა. შეიძლება მეცნიერი იყო, ნიჭიერი იყო მეცნიერებაში, შეიძლება ტექნიკაში, შეიძლება სოფლის მეურნეობაში. უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს თქვენს ნიჭს დიდი წარმატებით, დიდი შედეგებით.
შეურაცხყოფას ნუ მიაყენებეთ ერთმანეთს, ცილს ნუ დასწამებთ ერთმანეთს. გიყვარდეთ ერთმანეთი. წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენ იქნებით ბედნიერნი.
,,წყალობა შენი, უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს არის ჩვენი დიდი დღესასწაული – 100 000 მოწამის ხსენება. სადაც კი არის შესაძლებელი, სასურველია ჩატარდეს დილით წირვა, ხოლო 17:00 საათზე ყველგან, ქალაქებში, – რეგიონებში, სოფლებში ჩატარდეს პარაკლისი 100 000 მოწამისა. 100 000 მოწამე შეგეწევათ თქვენ. მეტეხის ხიდზე, მე თვითონ ვეცდები საღამოს 17:00 საათზე გადავიხადო პარაკლისი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ.
ჩვენთან არს ღმერთი!