ჰიბრიდული სიმინდი გლეხებს არ აინტერესებთ
მარნეულის აგრარულ ბაზარში მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში სინიმდის მოსავალი საგრძნობლად გაიზრდება და მისი ექსპორტიც კი განხორციელდება. თუმცა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაში მხოლოდ მთავრობა აქტიურობს, გლეხები კი – ნაკლებად. სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის თქმით, ახალი სათესლე მასალა უკვე 35 ათასმა მსურველმა შეიძინა, მაგრამ მინისტრს ყველაფერი რომ არ დაეჯერება, ეს უკვე მრავალგზის დადასტურდა. არც ეს განცხადება შეესაბამება სიმართლეს, რადგან დასავლეთ საქართველოში, რომელიც სიმინდის ფქვილის ყველაზე დიდი მომხმარებელია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ჰიბრიდულ სიმინდს ვერ ასაღებენ. არადა, თითოეულ მუნიციპალიტეტს დავალებული აქვს 10-15 ტონა სიმინდის გაყიდვა გლეხებზე. მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ჰიბრიდული სიმინდი მხოლოდ საქონლის საკვებად გამოიყენება, ამიტომაც ნაკლებად ინტერესდებიან.
სპეციალისტების აზრით, მთავრობამ უცხო ქვეყნის გამოცდილება სიმინდის წარმოებასთან დაკავშირებით ისე „გადმოაკოპირა“, რომ ქართული ტრადიციები არ გაითვალისწინა. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც სიმინდს ადამიანი საკვებად მოიხმარს, მათ შორის, საქართველოც. ასეთ ქვეყნებში ჰიბრიდული სიმინდის გამოყენება არარენტაბელურია.
მთავრობა სპეციალისტების აზრით რომ დაინტერესებულიყო, რა რაოდენობის თესლის შემოტანა იქნებოდა მიზანშეწონილი და ქვეყნის რომელი რეგიონისთვის უნდა გაეთვალისწინებინათ, თესლის გასაღებისთვის სოფელ-სოფელ სიარული აღარ მოუწევდათ. ამის შესახებ საქინფორმს ესაუბრა ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში თამაზ კუნჭულია.