საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის საკითხს სამ წელში საბოლოოდ გადავწყვეტთ - გიორგი გახარია

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტრომ დაამუშავა და დღეს ჩვენ განვიხილავთ მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების თაობაზე საკითხს, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში, მთავრობის წევრებისა და პარლამენტის დეპუტატების ვიზიტების დროს, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

ამ ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს უახლოესი სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის სრულად მოგვარებას, რაც ერთის მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოფლად მიწას ფლობენ. მეორეს მხრივ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რამეთუ მიწა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. ჩვენ დღეს სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების პირობებში, უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამ საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.