საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს საბოლოო მიზანს ევროკავშირის წევრობა წარმოადგენს, თუმცა ეს ხელისუფლების დღის წესრიგის უახლოესი ამოცანა როდია. ამის ნაცვლად კი ხელისუფლება ევროკავშირთან „თანმიმდევრულ სექტორულ ინტეგრაციაზე“ ამახვილებს ყურადღებას.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ადგილს ევროპაში; ეს, ასევე, ნიშნავს [ევროკავშირის] პოლიტიკურ ინსტიტუტებში გაწევრებას“, – განაცხადა მან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე გამოსვლისას, რომელიც თბილისში 23 მარტს გაიხსნა.„მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკურ ინსტიტუტებში ჩვენს დაუყოვნებლივ წევრობაზე საუბარი შესაძლოა, კონტრპროდუქტიული იყოს, ვინაიდან გვესმის, რომ თავად ევროკავშირი რთულ ვითარებაში იმყოფება და მოცემულ მომენტში თავად უწევს ბევრ შიდა პრობლემასთან გამკლავება. ამიტომ ამ საკითხს დღის წესრიგში არ ვაყენებთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„ჩვენი სტრატეგია ცოტათი განსხვავებულია. ჩვენი სტრატეგიაა თანმიმდევრული სექტორული ინტეგრაცია“ [ევროკავშირთან], – განაცხადა ბაქრაძემ და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია ამ სტრატეგიის ნაწილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გზით.
მან, ასევე, განაცხადა, რომ სხვადასხვა დარგში კავშირების გაღრმავება „ძალზე გაამარტივებს საბოლოო პოლიტიკურ ინტეგრაციაზე საუბარს“.