საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის დასაწყისიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლაზე უარის თქმის 21975 ფაქტი დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში წელს ირანის 9272 და ინდოეთის 4238 მოქალაქე არ შემოუშვეს.
ხუთეულში ასევე შედიან აზერბაიჯანი (1607), თურქეთი (1231) და რუსეთი (949). ასევე, ქვეყანაში არ შემოუშვეს სომხეთის 507, თურქმენეთის 430, პაკისტანის 392, უზბეკეთის 386, ეგვიპტეს 288, ერაყის 234, ყაზახეთის 206, ყირგიზეთის 168, სირიის 165, იემენის 152, ფილიპინების 136, ჩინეთის 125, მოლდოვის 121, ავღანეთის 110, იორდანიისა და შრი-ლანკის 105-105 მოქალაქე. სხვა ქვეყნების შემთხვევაში, მაჩვენებელი 100-ზე ნაკლებია.
წინა წელთან შედარებით, საქართველოში მოქალაქეთა შემოსვლაზე უარის ფაქტები გაზრდილია. 2018 წელს ქვეყანაში ჯამში 16 025 მოქალაქე არ შემოუშვეს. შარშანდელ სტატისტიკაშიც ირანი (3226) და ინდოეთი (2254) ლიდერობენ.
ამასთან, მიმდინარე წლის მარტის შემდეგ შსს აღნიშნულ მონაცემებს ყოველთვიურ სტატისტიკაში აღარ აქვეყნებს. ახალი მონაცემები კი, უწყებამ დეპუტატ სერგი კაპანაძეს, სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ მიაწოდა.