უცხოეთი
რამზან კადიროვის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში სხვების „ღირსებას შეურაცხყოფენ“, უნდა მოკვდნენ

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ისინი, ვინც ონლაინ „შეურაცხყოფენ სხვების ღირსებას“ უნდა მოკვდნენ. ამის შესახებ The Moscow Times-ი „ბიბისის“ რუსულ ვერსიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, კადიროვი საუბრისას გულისხმობდა რუსეთის კანონს, რომელიც იმ პირთა დასჯას ეხება, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი „უპატივცემლობას“ გამოხატავდნენ.

„თუ მათ არ შევაჩერებთ სიკვდილით, ციხით, შეშინებით, მათ ვინც არღვევენ ხალხის ერთობას ჭორებისა და შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებით, აღარაფერი მოხდება“, - განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კანონს არ არღვევენ. „სხვა დანარჩენი ყველა მახინჯი, მოღალატე და ყველა სახის შიზოფრენიკია. ჩვენ ისინი უნდა შევაჩეროთ“, -აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ ის მზადაა ნებისმიერი სასჯელი მიიღოს ამისთვის.

„დაე დამიჭირონ, ან მომკლან. 45 წლის ვარ, სხვა რისი გაკეთება შემიძლია მსოფლიოსთვის?“-ამბობს კადიროვი.

interpressnews.ge