საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციით უცხოელთა შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ. ინფორმაცია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ხელმისაწვდომი.
საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის მონაცემებით, 2015-2018 წლებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციის 15 133 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 40 პროცენტია. მეორე ადგილზე ირანია, რომელთა მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული 5 598 უძრავი ქონება ფიქსირდება. მესამე ადგილზე უკრაინა (2 599), მეოთხეზე ისრაელი (1634), მეხუთეზე სომხეთი (1447).
სამთავრობო კომისიის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკუთრების უფლებით, ძირითადად, ბინებს ირეგისტრირებენ. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და უცხოელებმა საკუთრებაში 11 038 ბინა დაირეგისტრირეს.
ასევე, გაზრდილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები, თუმცა რაოდენობრივად ბევრად ჩამოუვარდება ბინების რეგისტრაციას.
სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები კი, მკვეთრად შემცირებულია, რაც უცხოელებისთვის ამ მიმართულებით 2017 წლიდან ამოქმედებულ მორატორიუმს უკავშირდება.
„მორატორიუმის პერიოდში არსებულ რეგისტრაციის შემთხვევებში ყველა განმცხადებელი სარეგისტრაციო განცხადების წარმოდგენამდე უკვე რეგისტრირებული იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრედ და მოცემულ შემთხვევებში განხორციელდა მხოლოდ ცვლილება, საკადასტრო მონაცემების დაზუსტება ან/და მიწის ნაკვეთების გაერთიანება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.