საზოგადოება
სახალხო დამცველი კინოჩვენებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შსს-ს პრევენციული ღონისძიებებისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები კინოჩვენებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.

საუბარია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დაგეგმილ პრემიერაზე.

ამასთან, ომბუდსმენი განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობა და არა იმგვარი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.

კანონით დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ბლოკირება. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისგან, მათ შორის არ მოახდინონ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს.