სამართალი
საბერძნეთში დააკავეს ქართველი მძღოლი, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა - The Guardians

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.

შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ქართველ მძღოლს მიგრანტები მანქანა-მაცივრის მეშვეობით გადაჰყავდა. მაცივარი გამორთული იყო. პოლიციამ მიგრანტები ავტომობილის შემოწმების დროს აღმოაჩინა.

სამართალდამცავების განცხადებით, მიგრანტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მათ ავტომობილის მძღოლი დააკავეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. პოლიციის ოფიცრის განცხადებით, სატვირთო ავტომობილი საბერძნეთში, სავარაუდოდ, თურქეთიდან შევიდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.