პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ახალგორთან ჩაკეტილი გადასასვლელისა და გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხი განიხილება

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ნოემბრის ბოლოს პრაღის შეხვედრაზე ახალგორთან ჩაკეტილი გადასასვლელისა და გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხი აუცილებლად დადგება.

ფორმალურად ეს საკითხები ჩვენი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული, ეს ფორმატი ჟენევის თემაა, მაგრამ ჩვენ ყველა შეხვედრას, ყველა ფორმატს ვიყენებთ, რათა ყურადღება გავამახვილოთ ყველაზე რთულ და მწვავე თემებზე. პრაღის შეხვედრებზე ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ. იქ ვაკეთებთ განცხადებებს, იქ ვხვდებით მედიას, არა მარტო ქართველ ჟურნალისტებს და ვცდილობთ, ეს თემები წამოვწიოთ, რაც შეიძლება მწვავედ. ამჯერადაც ასე გავაკეთებთ“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს და სერგეი ლავროვის ყოფილ მოადგილე გრიგორი კარასინს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრაღის ფორმატში კვლავ რუსეთს წარმოადგენს, ნოემბრის ბოლოს შეხვდება.