საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე პოლიტიკური ჯგუფის დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ამის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურებში პარლამენტში მინისტრების კვირეულის მიმდინარეობის გამო „ქრისტიან-დემოკრატების“ თხოვნას ასახელებენ.
როგორც საქინფორმს ქდმ-ს პრესსამსახურში განუმარტეს, მმართველი პარტიის პრესსამსახურმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, საქმე კი რეალურად ისაა, რომ დაგეგმილ შეხვედრაზე წამყვანი „ქრისტიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძე უნდა ყოფილიყო, რომელიც მინისტრების კვირეულის ფარგლებში მიმდინარე დებატების გადატვირთული გრაფიკის გამო შეხვედრაზე მისვლას ფიზიკურად ვერ ახერხებს და მან კონსულტაციების მოდერატორ „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს“ (IFES) სთხოვა, სხვა პარტიების პოზიციების შესაბამისად ემოქმედა.„ჩვენს პარტიას შეხვედრის გადადება არ მოუთხოვია, ეს არასწორი ინფორმაციაა. შეხვედრის გადადება მოდერატორმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა“, – აღნიშნავენ ქდმ-ს პრესსამსახურში, რომლის ინფორმაციით, საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გადაიდო.
რაც შეეხება „პოლიტიკური რვიანის“ სხვა წევრი პარტიების პოზიციებს, „ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ. როგორც საქინფორმთან საუბარში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, „ხელისუფლებას არც პასუხი აქვს და არც მოლაპარაკებები ხიბლავს, რის გამოც ხელოვნურად მიჰყავს პროცესი ჩიხისკენ“.
„ინფორმაცია შეხვედრის გადადების შესახებ მოდერატორი ორგანიზაციიდან დღეს დილით მივიღეთ, არადა, IFES-თან ურთიერთობისთვის ორშაბათი დღე გვაქვს. ის, რომ შეხვედრის გადადება „ქრისტიან-დემოკრატების“ ბრალია, ტყუილია. ამის გაყიდვა ამ ფორმით ხელისუფლებას უნდოდა“, – განაცხადა კაციტაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს, 23 მარტს, 16:00 საათზე, „რესპუბლიკური პარტიის“ ცენტრალურ ოფისში „პოლიტიკური რვიანის“ სპეციალური ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ოპოზიციონერი წევრები მიმდინარე პროცესს შეაფასებენ და სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.