საზოგადოება
შეიქმნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უწყებათაშორისი საბჭო

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განკარგულების საფუძველზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა.

საბჭო რამდენიმე უწყების მინისტრის მოადგილეებით არის დაკომპლექტებული. დოკუმენტის მიხედვით, საბჭოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უხელმძღვანელებს, წევრები კი საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი იქნებიან.

პრემიერის N2226 – ე განკარგულების მეორე პუნქტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად, საბჭო უფლებამოსილია, მოიწვიოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატო-ს ძირითადი ჯგუფი, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები.

დოკუმენტის მიხედვით, საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს წარმომადგენელი ახორციელებს.

ამავე განკარგულების მიხედვით, საბჭომ უნდა დაგეგმოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები, უნდა განახორციელოს მათი აღსრულების კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული ვალდებულების იმპლემენტაცია.