ევრობონდები ვალის გასასტუმრებლად
საქართველოს მთავრობა საგარეო ვალის დაფარვის მიზნით ახალი ევრობონდების გამოშვებას აპირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკური სფეროს ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებენ, რადგან მათთვის ჯერ უცნობია ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტის შინაარსი, რომელიც, ალბათ, უამრავ დეტალს მოიცავს. პრემიერის განცხადებით კი, ახალი ევრობონდების მოქმედების ხანგრძლივობა 10 წელი იქნება. პრემიერს ფასიანი ქაღალდების მოცულობა არ დაუკონკრეტებია.
ევრობონდები – ეს არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გადის საფონდო ბირჟებზე. ჩვენ შემთხვევაში, ეს ლონდონის საფონდო ბირჟაა, სადაც საქართველომ ევრობონდები პირველად 2008 წლის გაზაფხულზე განათავსა. მაშინ მთავრობამ 500 მილიონის ევროობლიგაცია გამოუშვა, ხოლო მათი განთავსებიდან მიღებული თანხა 2013 წელს უნდა დაფაროს.
პრემიერის ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიცია არ ეთანხმება. როგორც ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, ახალი ევრობონდების გამოშვების შემთხვევაში საქართველო იმ ადამიანს დაემსგავსება, რომელიც ვალებს ჯერ ერთი მეზობლისგან იღებს, შემდეგ მის გასასტუმრებლად მეორეს მიმართავს და ასე, მეზობლების ვალებით გააქვს თავი. მისი მოსაზრებით, სახელმწიფოსთვის ეს საფრთხისშემცველი იქნება.