პოლიტიკა
მთავარია, რომ კარასინს მოლაპარაკებებში რუსეთის ხელმძღვანელობის მანდატი აქვს - აბაშიძე

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის მოლაპარაკების ფორმატში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გრიგორი კარასინი ახლა ფედერაციის საბჭოს წევრია და ეს სტატუსი არანაირად არაა იმაზე ნაკლები, ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობა.

აბაშიძის თქმით, შეიძლება, ახლა კარასინს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს და ნაკლებად იყოს შებოჭილი მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარჩოებით.

"მთავარი ის არის, რომ მას აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობის მანდატი",- ამბობს ზურაბ აბაშიძე რუსთავი 2-თან საუბარში.

მისი თქმით, რამდენად შედეგიანი იქნება მორიგი შეხვედრები აბაშიძე-კარასინის ფორმატში, ამას დრო გამოაჩენს.

"ზოგადად, მე იმის მომხრე ვარ, რომ შედეგებით ვიმსჯელოთ და არა რაღაც ზოგადი განცხადებებით, ზოგი ხმაურიანით, ზოგი ნაკლებად ხმაურიანი", - ამბობს აბაშიძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბაშიძე-კარასინის ფორმატში მომდევნო შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე განხილვის ერთერთი თემა აუცილებლად იქნება შეჩერებული ავიამიმოსვლის საკითხი.

"ახლა მეტის თქმა მე ნამდვილად არ შემიძლია, უფრო დეტალურად და უფრო მეტი ინფორმაცია მექნება, როდესაც ამ თარიღს მივუახლოვდებით და შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა",- ამბობს აბაშიძე.

ბოლო შეხვედრა მხარეებს შორის 13 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში ხმაურიან ვიზიტამდე გაიმართა.