აქტუალური
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ ერთადერთი გამშვები პუნქტის მიმართულებით არსებულ გზაზე შეზღუდვები ჯერ კიდევ მოქმედებს

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო აკრძალვა ნაწილობრივ მოხსნილია, ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.

გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის პარასკევს ძლიერი თოვლის გამო დაიკეტა.

გზის ყველაზე პრობლემური, გუდაური-კობის მონაკვეთი ჯერჯერობით გახსნილია მსუბუქი ავტომობილებისთვის. მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

„ყაზბეგი-ზემო-ლარსი“ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.

აგრეთვე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)- ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.