საზოგადოება
გარკვეულმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში - პრემიერი გახარია

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „ის, რაც გუშინ ვიხილეთ, გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ქვეყნის მომავალს.

რა თქმა უნდა გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებით. დღეს როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

მან ასევე განაცხადა, რომ ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა.

სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.