სამართალი
მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესი: რაზე გაკეთდება ძირითადი აქცენტები

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეწყალების წესის შესახებ" ბრძანებულების პროექტი შეიმუშავა და იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს გააცნო, ნათქვამია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის გასაჯაროებას, რომელთა შორის მკვლელები, ნარკორეალიზატორები და პედოფილიისთვის გასამართლებულები აღმოჩნდნენ, ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, ახალი წესების განხილვაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

აღნიშნულ საკითხზე დღეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისაგან. არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, იმისათვის, რომ დროულად გამოიცეს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც შეწყალების წესთან დაკავშირებით პარლამენტს კონსულტაციისთვის მიმართა, საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

პრეზიდენტს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებითა და რა პრინციპებზე დაყრდნობით შეიძლება მომავალში მოხდეს შეწყალება. მიგვაჩნია, რომ შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი", – განაცხადა თალაკვაძემ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც ადრე მწვავედ გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი შეწყალების სიასთან დაკავშირებით, შეფასებებში უფრო მოზომილი იყო. მან პრეზიდენტთან შეხვედრას „პროდუქტიული, საინტერესო და ნაყოფიერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ შეწყალებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული – პატიმრობიდან გათავისუფლებული ადამიანი რამდენადაა რისკის შემცველი საზოგადოებისათვის და ხომ არ ჩაიდენს ის თავიდან დანაშაულს.

ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემას, იმისათვის, რომ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს შეწყალების პროცედურებთან დაკავშირებით უფრო მეტი განჭვრეტადობა ჰქონდეთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. მსჯავრდებულთა საქმეებს ჯერ შეწყალების სახელმწიფო კომისია განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს. ამ ეტაპზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის საქმიანობა შეჩერებულია.

კანონის მიხედვით, შეწყალების უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც მოიხადა სასჯელის ვადის ნახევარზე მეტი, ვინც გასამართლებული იყო ორი ან მეტი მუხლით და მისჯილი ჰქონდა 5 წელზე მეტი; ასევე პირს, რომელმაც მოიხადა ვადის 1/3, გასამართლებული იყო ერთი მუხლით და მისჯილი ჰქონდა 5 წელზე ნაკლები.

წყარო: Sputnik-Georgia