აქტუალური
მსოფლიოში ყველა სისტემა შეიძლება გატყდეს, თუ მოინდომებ - „პროსერვისის“ დირექტორი

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. არ არსებობს ჰაკერული შეტევა, რომელიც არ ტოვებს რაიმე ტიპის კვალს, შესაბამისად, ეს არის გამოძიების საკითხი, – ამის შესახებ კომპანია „პროსერვისის“ დირექტორმა რევაზ ნატროშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება. ამოღებულია სერვერებზე თავდასხმის მომენტში მასზე არსებული ყველა ინფორმაცია. ამ დროისთვის კი, კიბერშეტევის დროს დაზიანებული და გათიშული ასობით საიტი სრულად აღდგენილია.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ფაქტი გამოძიებული იყოს ბოლომდე. პრევენციისათვის ეს უნდა გაკეთდეს. საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება ვებგვერდებს, დილის სამი საათისთვის ყველა ვებგვერდი აღდგენილი იყო. ამაზე ჩვენმა და შსს-სპეციალისტებმა იმუშავეს.

ამ დროისთვის, მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენი კომპანია 20 წელია, მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში, არ მომხდარა ჩვენი სერვერების დაზიანება. მოხდა ძალიან დიდი ჰაკერული შეტევა. ამ მასშტაბის ჯერ არ ყოფილა საქართველოში. დაზიანდა არა მარტო ჩვენი, არამედ ტელეკომპანიების და სხვადასხვა ორგანიზაციების სერვერები და შესაბამისად, უნდა გამოვიკვლიოთ, რა მოხდა. ასობით ვებგვერდს ჰქონდა პრობლემა“, – განაცხადა რეზო ნატროშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება სისტემის დაცულობას კიბერშეტევისგან, ჰოსტინგ-პროვაიდერები საქართველოში იყენებენ ყველა იმ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც მთელ მსოფლიოში.

შესაბამისად, აქ დაცულობაზე საუბარი ზედმეტია. 20 წელია, ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებთ და ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, რომელიც შეუძლებელია, არ გატყდეს, თუ მოინდომებ. მთავარია, რომ ჩვენ დროულად მოვახდინეთ რეაგირება ამ შეტევაზე“, – განაცხადა „პროსერვისის“ დირექტორმა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.