საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2 პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ილია მეორე კვირას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკვირაო წირვას ვერ დაესწრო. როგორც ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, გართულების თავიდან აცილების მიზნით ის რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.
„თბილისშია, აქ არის, საპატრიარქოში. სავსებით მისაღები მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გაციების მერე ყველაფერი დალაგდა. მერე შეიძლება ანალიზიც ავიღოთ, მაინც ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება", - განაცხადა შარტავამ.
ილია მეორე 86 წლისაა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, 44 წლის ასაკში აკურთხეს.