როგორც ცნობილია, პარლამენტში მინისტრების კვირეულის ფარგლებში დეპუტატების წინაშე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი წარდგნენ.
სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მათ ინფლაციაზეც ისაუბრეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში ინფლაციის ბოლო სამი წლის მაჩვენებელთან დაკავშირებით მათ განსხვავებული მონაცემები აქვთ.გილაურმა მთელ რეგიონში საქართველოს უპირატესობის დასადასტურებლად აღნიშნა, რომ საქართველოში ინფლაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში 21,9%-ია, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენს, თურქეთში – 24%-ს, ხოლო სომხეთში – 23%-ს.
მოგვიანებით კი ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა კვირეულის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ეს მაჩვენებლები შეამცირა და აღნიშნა, რომ „ბოლო სამი წლის მონაცემებით, საქართველოში ინფლაცია 19 პროცენტია, ხოლო აზერბაიჯანში 29%“.
ეს 2%-იანი სხვაობა კი, ალბათ, თავისთავად ბადებს კითხვას – რომელი მათგანია უფრო კომპეტენტური და ინფორმირებული, ზოგადად, ეკონომიკურ და, განსაკუთრებით, ინფლაციის საკითხებში?!