პოლიტიკა
თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნა

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისში რიგით მეოთხე ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება. ორდღიანი ფორუმი, რომელიც გუშინ გაიხსნა, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის პლატფორმას წარმოადგენს.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ნატო-ს საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის მექანიზმები, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჰიბრიდული გამოწვევები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდები.

ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. წლევანდელი ფორუმი მასპინძლობს მაღალი დონის ექსპერტებს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, ესენია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი.

სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩი თაჯან ილდემმა და სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულმა გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლეა გაბრიელმა.

ფორუმში ასევე მონაწილეობენ: სამთავრობო სტრუქტურების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები.

ფორუმით სრულდება საქართველოში მიმდინარე ნატო-ს დღეები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მეთორმეტედ აღინიშნა.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

ინფორმაციას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.