საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენი ერთობლივი მუშაობა მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, რომ მან შეძლოს საკუთარი საზღვრების დაცვა, პარალელურად კი, ააშენოს განვითარებული, აყვავებული და ინტეგრირებული დემოკრატიული საზოგადოება. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, ველოდები თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ და სხვა პრიორიტეტებზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კელი დეგნანმა საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსსა და ნატო – საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჯერ არ მქონია საშუალება, ვყოფილიყავი საქართველოში. 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მე თურქეთში ვიმყოფებოდი. ერთ წლის შემდეგ გახლდით ნატო-ს შტაბბინაში, როდესაც საქართველო აღიარებული იყო და დღემდე რჩება ნატო-ს ღირებულ პარტნიორად. მოკავშირეებმა გასულ წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი საქართველოს ერთგულებით რეფორმებისადმი, რომელთა გატარებაც აუცილებელი იყო და სამხედროების გაძლიერებით. ჩვენ ეს ერთგულება კიდევ ერთხელ დავინახეთ ავღანეთში, სადაც საქართველო სამხედრო ძალის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს ეს 32 ჯარისკაცის სიცოცხლედ და 200-ზე მეტ დაჭრილ სამხედროდ დაუჯდა. ისინი დღესაც ავღანეთში არიან ჩვენთან ერთად და 900 სამხედრო მონაწილეობს ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ავღანეთში. ჩემი წინა თანამდებობაზე მუშაობისას, დავრწმუნდი, რომ საქართველო ასევე არის ღირებული და ერთგული პარტნიორი აშშ-ისთვის და ნატო-სთვის შავ ზღვაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარებისას.
„ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი სტრატეგიულ რეგიონში და ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, იმ დროს, როდესაც ის ატარებს საჭირო რეფორმებს ნატო-ში გასაწევრიანებლად და ევროკავშირსა და დასავლეთთან ეკონომიკური ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა კანდიდატმა ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემისა და მედიაპლურალიზმის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი.
„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული საკანონმდებლო ორგანოს წინ წაწევას, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებასა და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კანდიდატი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხს შეეხო და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„სავარაუდოდ, სწორედ ასეთი წარმატების გამო საქართველო კვლავ არის რუსეთის დესტაბილიზაციური და დესტრუქციული ქმედებების სამიზნე. აშშ-ი დარჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დამცველად. მტკიცედ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, განგრძობად ოკუპაციასა და რუსეთის მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ბორდერიზაციის მცდელობას. რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილი ამ კონფლიქტებიდან გამოსავალი არის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ჯარების გაყვანა კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ჰუმანიტარული ორგანიზაციების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება. ჩემი ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, განვამტკიცო ჩვენი ძალისხმევა, რათა დავეხმარო საქართველოს მთავრობასა და ხალხს, ააშენოს ძლიერი და აყვავებული საზოგადოება, რომელიც აფასებს მის მრავალფეროვან მემკვიდრეობას და შეუძლია რუსეთის მავნე ქმედებებთან და ჩინეთის მზარდ გავლენასთან გამკლავება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა კელი დეგნანი საქართველოში ელჩის პოზიციაზე სექტემბრის დასაწყისში წარადგინა.