აქტუალური
შვეიცარიის ელჩი საქართველო-რუსეთის პირველი პირების შესაძლო შეხვედრაზე - ჩვენ იმ შემთხვევაში გავაქტიურდებით, თუ ამის ინტერესი ორივე მხარეს ექნება

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. შვეიცარიის ელჩის საქართველოში პატრიკ ფრანცენის თქმით, რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო დაძაბულობის შემცირებას ორ ქვეყანას შორის.

რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ დროს, მხარეები მიმართავენ დიპლომატიასა და დიალოგს. დიალოგი აუცილებლად შეთანხმებას არ ნიშნავს, თუმცა, როდესაც გაქვს ძალიან რთული პრობლემები, დიალოგი აუცილებელია. ჩემი აზრით, შეხვედრა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ხელი შეუწყო გარკვეული დაძაბულობების შემცირებას“,- განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

პატრიკ ფრანცენმა საქართველო რუსეთის პირველი პირების შესაძლო შეხვედრაზეც ისაუბრა.

როგორც იცით, ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაქტიურდებით, თუ დარწმუნებული ვიქნებით, რომ ამის ინტერესი ორივე მხარეს ექნება. ჯერჯერობით ამის თაობაზე მოთხოვნა არ მიგვიღია“, -განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.