უცხოეთი
უკრაინელმა მოხალისეებმა ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ დონბასიდან იარაღი გაიტანეს

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინელმა მოხალისეებმა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ იარაღი გაიტანეს. როგორც უკრაინის ეროვნულ პოლიციაში განაცხადეს, დასახლება ზოლოტოეში და კატერინოვკაში მხოლოდ უიარაღო მოხალისეები რჩებიან. მათივე ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ამ დასახლებებში გააგზავნეს ეროვნული გვარდია, რომელიც ადგილზე პატრულირებს.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ზელენსკი 26 ოქტომბერს ჩავიდა ზოლოტოეში და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ რაიონში 7 ოქტომბრიდან ვერ ხერხდებოდა „ძალების დაშორიშორების პროცესის დაწყება“. ერთ-ერთ შეხვედრაზე ზელენსკიმ მოხალისესთან იკამათა და მას შეიარაღების გაყვანა მოსთხოვა. საპასუხოდ, მოხალისეებმა ზელენსკის აფხაზეთის მაგალითი შეახსენეს და განაცხადეს, რომ „საქართველომ მაშინ ჯარები გაიყვანა და რუსეთი მოტყუებით შეიჭრა სოხუმში“.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ძალების დაშორიშორებას ე.წ. შტაინმაერის ფორმულა ითვალისწინებს, რომლის შესრულების პირობაც მხარეებმა პირველ ოქტომბერს დადეს. შეთანხმების მიხედვით, მას შემდეგ, რაც რეგიონში ცეცხლი შეწყდება და შეიარაღებას გაიყვანენ, დონბასი განსაკუთრებულ სტატუსს დროებით მიიღებს და იქ არჩევნები ჩატარდება. განსაკუთრებული სტატუსი მუდმივი მას შემდეგ გახდება, რაც არჩევნების შედეგებს ეუთო აღიარებს.

1tv.ge