რელიგია
საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო. როგორც საქართველოს პირველ არხს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, ილია მეორეს სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს.
როგორც ექიმი აცხადებს, გართულებების თავიდან ასაცილებლად, ილია მეორე რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.
„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სამი დღის წინ ჰქონდა ვირუსული ინფექცია და მაღალი ტემპერატურა. ექიმების რჩევით, სრულად გამოჯანმრთელების მიზნით, ისვენებს. ილია მეორე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და რეზიდენციაში იმყოფება“,- განაცხადა ცისანა შარტავამ.
ექიმი ვარაუდობს, რომ პატრიარქი ორ-სამ დღეში სრულად გამოჯანმრთელდება.