აქტუალური
ჩვენ ვაშენებთ მესამე მაღალი ძაბვის ხაზს ირანთან და მაღალი ძაბვის ხაზს საქართველოსთან ურთიერთდაკავშირებული სადგურებით, რომლებიც სინქრონიზების საშუალებას მოგვცემს - ტიგრან ავინიანი

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ავინიანმა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს, ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, „აბრეშუმის გზის“ინიციატივის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ ორმა ქვეყანამ სინქრონიზებულად იმუშაოს ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

სომხეთს სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანი აქვს, რომელიც იძლევა საშუალებას, ყველაზე მოკლედ, ბანდერ აბასის პორტიდან საქართველოს პორტებამდე იყოს კავშირი, რაც, რა თქმა უნდა, შეესაბამება „აბრეშუმის გზის“ინიციატივას. ენერგეტიკა გახლავთ კიდევ ერთი სფერო, სადაც ურთიერთდაკავშირებულობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვაშენებთ მესამე მაღალი ძაბვის ხაზს ირანთან და მაღალი ძაბვის ხაზს საქართველოსთან ურთიერთდაკავშირებული სადგურებით, რომლებიც სინქრონიზების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები საქართველოში, ასევე სომხეთში“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ტიგრან ავიანიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მსხვილ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობებს შორის ჰარმონიზებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას.

თითოეულ ძირითად პროექტს, რომელიც შეიქმნა თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა გააჩნდეს სულ მცირე, ეკონომიკური, რეალური საფუძველი. როცა ვსაუბრობთ მეგა პროექტებზე, ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, ციფრულ ინფრასტრუქტურაზეც კი, მწამს, რომ პოლიტიკის ჰარმონება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი“, – აღნიშნა ტიგრან ავინიანმა.

თბილისში 21 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის თემებზე.