უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება - თურქეთის ოპერაცია სირიის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის ოპერაცია სირიის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსთან“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ სირომოლოტოვმა განაცხადა.

სირომოლოტოვის თქმით, სირიაში ყოფნის ლეგალური უფლება მხოლოდ ირანელ და რუს სამხედროებს აქვთ.

რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან აღნიშნული განცხადება სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მიმდინარეობის დროს გააკეთდა.

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს საღამოს, თბილისის დროით 23:00 საათზე იწურება. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფ სირიელ ქურთებს 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ქურთთა შეიარაღებული შენაერთები აღნიშნულ ტერიტორიას არ დატოვებენ, ანკარა ოპერაციას განაახლებს.

1tv.ge