პოლიტიკა
ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს - პრემიერი გახარია

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაზე საუბრობს.

„ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებით ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზედ სწრაფი, ეფექტური კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ დავაკმაყოფილოთ ან ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რასაც დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, გამოწვევები ძალზე ბევრია. გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია, გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რათა გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანიები“, – ამბობს გიორგი გახარია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში საშუალო კლასის, საშუალო ფენის შექმნაში ძირითადი როლი და ფუნქცია ასევე ბიზნესის მხრებზეა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.