პოლიტიკა
ლავროვთან შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი და ფაქტორი იყო უკანონო ბორდერზიაციის მძიმე ტალღა, რომელიც განხორციელდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ.

ეს პროცესი დაიწყო აგვისტოს დასაწყისში და განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა, როგორც გუგუტიანთკარში, ისე სოფელ ჩორჩანასა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა განაცხადა, არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ძირითადი აქტორი, რომელსაც მკაფიო, მძაფრი შეფასება არ მიეცა უკანონო ბორდერიზაციისთვის.

დავით ზალკალიანის თქმით, ნიუ იორკში ყველა ორმხრივ შეხვედრაზე, მათ შორის შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, გამოითქვა ინიციატივა, რომ გაერო-ში, სადაც ყველა ყველას ესაუბრება, შემდგარიყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა.

მაგალითად მოყვანილი იყო ყარაბაღის თემა, რომლის შესახებაც, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, არის საუბარი მინისტრების, პრეზიდენტების, პრემიერების დონეზე. სხვა მაგალითებიც დასახელდა, იგივე სერბეთის თემის გარშემო დისკუსიები. ითქვა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ თემები, რომლებსაც ვაყენებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, იყოს პირდაპირ ნათქვამი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან“, – განმარტა დავით ზალკალიანმა პარლამენტში გამოსვლისას.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით იყო გარკვეული სპეკულაციები მედიაში, რომელსაც არ ეთანხმება.

სპეკულაციები მოვისმინე აქ მედიაში, რომ რატომ მოხდა ამ თემის დამალვა ან პოსტ ფაქტუმ გაჟღერება. არამც და არამც არ ვეთანხმები ამას, რადგანაც წინა დღეს, მთელი ხუთი დღის განმავლობაში და შეხვედრა მეექვსე დღეს შედგა, ყოველდღე იქიდან ჩართვებში მედიასთან მქონდა კომუნიკაცია ჩემი ორმხრივი შეხვედრების შესახებ. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამდი ჩვენი პარტნიორების მხრიდან წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად მობილიზაციისა და კონსოლიდაციისა, ვერ ხერხდებოდა ამ პროცესის შეჩერება და, რომ ჩვენ მუდმივად ვფიქრობდით, რა დამატებითი ხერხები და მექანიზმები გამოგვეყენებინა, რათა უშუალოდ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ დაგვეყენებინა ეს საკითხი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნულზე მან ქართულ მედიას ინტერვიუც მისცა და არ მიიღებს პრეტენზიას, რომ ამის შესახებ უწყებამ წინასწარ არ აცნობა საზოგადოებას.

როდესაც წინა დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს ევროპელ კოლეგებთან, არაფორმალური სადილიდან გამოსვლის შემდეგ დამხვდნენ ქართული ტელევიზიები და მათაც მივეცი ინტერვიუ, რომ სწორედ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობით, მათთან სინქრონიზაციითა და კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რატომაც არა, გამოვიყენოთ და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივდივართ ამ შეხვედრაზე. როგორც ვიცი, ეს იყო გაჟღერებული ჩემს შეხვედრამდე ქართულ მედიაში. ამიტომ ამ პრეტენზიასაც არ მივიღებ, თითქოს, რაღაც დამალულად მოხდა და ჩვენ ამის შესახებ წინასწარ არ ვაცნობეთ საზოგადოებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

წყარო: 1tv.ge