აქტუალური
საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები დღესდღეობით უმაღლეს ნიშნულზეა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ.

მინისტრის თქმით, საქართველო სარგებლობს აშშ – ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორპარტიული მხარდაჭერით, რაც გასული პერიოდის განმავლობაში აისახა, როგორც უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკით, ასევე, აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტებით.

დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე – 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც ყველა მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის (Georgia Support Act) კონგრესში წარდგენა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ – ის მტკიცე მხარდაჭერას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ – საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

ზალაკლიანის განმარტებით, აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (Consolidated Appropriations Act) მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე წელს, აქტით საქართველოსთვის გამოყოფილმა თანხამ 127 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხას 22 მლნ. აშშ დოლარით აღემატება. გაზრდილი დაფინანსება ცალსახად ხაზს უსვამს აშშ – სთვის საქართველოს მნიშვნელობას და მხარდაჭერას, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყნისა და აშშ – ის მტკიცე მოკავშირისადმი.

ასევე, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს თავდაცვის ავტორიზაციის აქტი.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში.

პრიორიტეტულია აშშ – სთან სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება“, – განაცხადა მინისტრმა.