სამართალი
19 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 29 და 28 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის 19 წლის გოგონას და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

გოგონამ სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას გაქცევა შეძლო, მამაკაცები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.