ქართულ ბაზარზე ნაყინი გაძვირდა
ქართულ ბაზარზე ნაყინი გაძვირდა. ცნობილი გახდა, რომ „სელას“ ნაყინი 30%-ით გაძვირდა, მიზეზად კი ნედლეულის ფასის ზრდა სახელდება. ნედლეულის გაძვირებითვე ხსნის კომპანიის ხელმძღვანელი იმ ფაქტს, რომ „სელა“ მიმდინარე სეზონზე ახალ პროდუქციას არ გამოუშვებს. დღეისათვის „სელა“ 51 დასახელების ნაყინს აწარმოებს. ნაყინის გამოშვება და მაღაზიებში პროდუქციის შეტანა კომპანიამ უკვე დაიწყო. მენეჯმენტი გააქტიურებას აპრილიდან ელის. ნაყინის ფასი 40 თეთრიდან იწყება.
„გურჯაანის ნაყინი“ პროდუქციის გამოშვებას მარტის ბოლოდან განაახლებს. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ფასების ზრდა გარდაუვალია, თუმცა კონკრეტულ მაჩვენებელს ჯერ ვერ ასახელებს. „გურჯაანის ნაყინი“ 20 სახეობის ნაყინს უშვებს, პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით რეალიზდება. ფასები აქაც 40 თეთრიდან იწყება.