უცხოეთი
სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს, ასევე თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის უდანაშაულო, მშვიდობიან მოსახლეობას და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს, მათ შორის, ძირს უთხრის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების მიზნით მიმდინარე კამპანიას.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, სანქციები გაგრძელდება და გაძლიერდება იმ დრომდე, ვიდრე თურქეთი ცეცხლს არ შეწყვეტს, არ შეაჩერებს ძალადობას და არ დაიწყებს მოლაპარაკებებს.

მაიკ პენსმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უახლოეს მომავალში რეგიონში ვიზიტს გეგმავს.

1tv.ge