საზოგადოება
სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო - გიორგი გახარია

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის, თავად მცხეთა კი ქართული ისტორიის სიმბოლო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.

გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, ხოლო თავად მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს მქონდეს საშუალება აქედან მოგილოცოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.