საზოგადოება
გილაურმა დასაქმების საკითხში ხელისუფლების არაადეკვატურობაზე მიუთითა

gilauri-nikaპრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ხალხის დასაქმება და ეროვნული წარმოებაც ვერ ვითარდება ისე, როგორც ეს ხალხს სჭირდება“. ამ განცხადებით, პრემიერმა, ალბათ, თავისდაუნებურად გაუსვა ხაზი ხელისუფლების არაადეკვატურობას დასაქმების საკითხში, თუმცა გამართლების მიზნით აღნიშნა: „ეს იმის გამო ვერ შევძელით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკის არა წინსვლა, არამედ გადარჩენა და არსებული ფორმით შენარჩუნება იყო“.

„არსებობს მსოფლიოში ეკონომიკური პრობლემები, გაიზარდა ფასები და, რა თქმა უნდა, ეს საქართველოზეც მნიშვნელოვნად აისახება. ფასების მატების პარალელურად, ხელისუფლებაც მოქმედებს“, – განაცხადა გილაურმა, რომელმაც ხელისუფლების მოქმედების მაგალითად 20 და 30-ლარიანი ვაუჩერების შემოღებისა და პენსიების ზრდის ფაქტი მოიყვანა, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან შევა.

„ჩვენი გადაწყვეტილება ჯანსაღი ეკონომიკაა და სწორედ ამიტომ აგრძელებს ქვეყანა ორიენტაციას ინვესტიციების მოზიდვაზე, ზრდის სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, რათა გაზრდილი ფასების პირობებში გლეხს უფრო მეტი ფული დარჩეს“, – დასძინა პრემიერმა.

გილაურის გამოსვლას უკვე მოჰყვა შეფასებები როგორ უმრავლესობის, ისე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ გიორგი თარგამაძის განცხადებით, მას მთავრობის თვითკრიტიკულობის უფრო მაღალი ხარისხის იმედი ჰქონდა.

„რაც უნდა ციფრების აპელირება მოახდინოს მთავრობამ, ცხოვრების დონე ქვეყანაში მაინც ძალიან მძიმეა. მიუღებელია ხელისუფლების მიდგომები და მიმაჩნია, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარება დამოკიდებული უნდა იყოს ბიზნესსა და კერძო ინიციატივაზე. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს არც იმაზე უთქვამთ რამე, როგორ უნდა იგრძნოს ქართულმა ბიზნესმა თავი დაცულად“, – განაცხადა თარგამაძემ პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის დღევანდელი საპარლამენტო გამოსვლების შეფასებისას.

მისივე თქმით, ხელისუფლება აგრარული სექტორის განვითარების წინააღმდეგი იყო და ამის ნათელი დადასტურება 2011 წლის ბიუჯეტია, თუმცა ხელისუფლებამ ეს მიდგომები წელს უკვე შეცვალა. თარგამაძეს აინტერესებს, არის თუ არა ამ მიდგომების შეცვლის მიზეზი ეგვიპტესა და ტუნისში განვითარებული მოვლენები.