საზოგადოება
პრეზიდენტის რეზიდენციისთვის შეძენილი ანტიკვარული ავეჯი სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილია - ადმინისტრაცია

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციის ფრანგული ანტიკვარიატით მოწყობა მოითხოვა.

პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის მოსაწყობად შეძენილი ანტიკვარული ავეჯი სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილია, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, შესყიდვები უკვე დასრულებულია, რაშიც 1,2 მლნ ლარი დაიხარჯა.

ავეჯი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილისთვის, გახლავთ ისტორიული სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილი... დაახლოებით მილიონ ორასი ათასი ლარი იყო გამოყოფილი ანტიკვარული ავეჯის და ინვენტარის შესაძენად და დაახლოებით 80 ათასი ლარის ეკონომია განხორციელდა", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მრჩეველმა განმარტა, რომ ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილი არ არის პრეზიდენტის პირადი, სამუშაო სივრცე და ის რესურსი, რომელიც სასახლის მოწყობისთვის დაიხარჯა, დარჩა საქართველოში, ანუ ამ ფულადი რესურსის გადინება არ მომხდარა უცხოეთში.