საზოგადოება
ახალი პოლიტიკური გაერთიანება

akaki-asatiani„ეროვნული ფორუმი“, „ქალთა პარტია“ და „ტრადიციონალისტთა კავშირი“ გაერთიანდნენ. ამის შესახებ დღეს „ეროვნული ფორუმის“ ოფისში ერთობლივი განცხადება კახა შარტავამ, გუგული მაღრაძემ და აკაკი ასათიანმა გააკეთეს. „ჩვენ ჩამოვყალიბდებით ბლოკად, რომელსაც ჩვენი პარტნიორების სურვილის თანახმად, სახელი იგივე დარჩება და ეწოდება „ეროვნული ფორუმი“, – განაცხადა შარტავამ. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში არსებული მძიმე შიდა და გარე პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთობლივი ბრძოლა. „სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გავერთიანდეთ და ვისაც ექნება ჩვენთან შეხედულებების თანხვედრა, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, – განაცხადა კახა შარტავამ. გუგული მაღრაძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო შექმნილ მძიმე ვითარებას. „ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა და ეს საკმაოდ დიდი პროცესია, რომლის ბოლომდე მიყვანა კარგად ორგანიზებული სტრუქტურის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ბლოკი, რომელსაც ექნება მკაცრად ორგანიზებული სტრუქტურა და დაგეგმავს სტრატეგიასა და ტაქტიკას“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ. აკაკი ასათიანის განცხადებით კი, კოორდინირებული მუშაობა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. „ეს არ იქნება საარჩევნოდ გაკეთებული ბლოკი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე გარდაუვალი გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.