უცხოეთი
ევროკავშირი თურქეთს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკავშირი თურქეთს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

„სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის სამხედრო ოპერაციის ფონზე, ევროკავშირი ადასტურებს, რომ სირიის კონფლიქტის მდგრადი დარეგულირება ვერ იქნება მიღწეული სამხედრო გზით. ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, შეწყვიტოს ცალმხრივი სამხედრო მოქმედებები. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებული შეტაკებების განახლება კიდევ უფრო უთხრის ძირს მთელი რეგიონის სტაბილურობას, სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვას გააძლიერებს და ახალი გადაადგილების პროვოცირებას მოახდენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მოგერინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო კოალიციის მიერ მიღწეულ პროგრესს.

„სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის კოალიცის ადგილობრივი პარტნიორების უსაფრთხოებას და ქმნის სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არასტაბილურობის გახანგრძლივების რისკს, ასევე ნაყოფიერ საფუძველს იძლევა დაეშის აღზევებისთვის, რომელიც რეგიონული, საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოებისთვის კვლავ მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება“, – ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გათვალისწინებული ე.წ. უსაფრთხოების ზონა იქნება ლტოლვილების დასაბრუნებლად საჭირო კრიტერიუმების შესაბამისი.

„ჩვენ ვიზიარებთ ძალადობის შეწყვეტის, ტერორიზმზე გამარჯვებისა და სირიასა და მთელ რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნებს. ევროკავშირი კვლავ დაჟინებით მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს სირიის მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და დაუბრკოლებელი, უსაფრთხო და მდგრადი ჰუმანიტარული წვდომა“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

1tv.ge