როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლებასთან თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„თავისუფალი დემოკრატები“ აღნიშნული მოლაპარაკებების გამჭვირვალობას ითხოვენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, ამ ისტორიული ძეგლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართველ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი მიმდინარე მოლაპარაკებებისა და მათი შედეგისადმი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები სრულიად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.„არსებობს ბევრი კითხვა, რომლებზეც საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღია პასუხები, რაც სამართლიან ვნებათაღელვას იწვევს. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ განუცხადოს საზოგადოებას, რა ეტაპზეა მოლაპარაკებების პროცესი და არიან თუ არა მასში ჩართულნი შესაბამისი პროფესიული ჯგუფები და საპატრიარქოს წარმომადგენლები, როგორც ამას კონსტიტუციური შეთანხმება ითვალისწინებს“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
რაც შეეხება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას, „თავისუფალი დემოკრატების“ აზრით, ამ საკითხზე ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის უკმაყოფილებასა და შესაძლო დაპირისპირებას გამოიწვევს.
ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი უნდა მოგვარდეს სამოქალაქო თანხმობის გზით, რასაც წინ რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით ადგილობრივი საჭიროების შეფასება და აჭარაში მცხოვრებ სხვადასხვა აღმსარებლობის პირთა შორის დიალოგი და თანხმობა უნდა უძღოდეს.