საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები იმ დონემდე მაინც გაუმჯობესდება, როგორიც თბილისში 20-21 ივნისის მოვლენებამდე იყო.
თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეაჩერეს. სახელმწიფო დუმის დეპუტატები ქართულ საქონელზე ემბარგოს დაწესების წინადადებითაც გამოვიდნენ, თუმცა ამ ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას რუდენკომ კომენტარი გააკეთა ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 2018 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად შედგა – შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართა.
„საუბარი კონკრეტული იყო. ჩვენ ვიმედოვნებთ ქართული მხარისგან, რომ სიგნალი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან გამოიგზავნა, გაგონილი იქნება. ჩვენ სიტუაციის ნორმალიზების იმედი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც, რომ მდგომარეობა ივნისის ინციდენტამდე არსებულს დაუბრუნდება", – ციტირებს რუდენკოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მორიგი რაუნდი 8–9 ოქტომბერს იმართება, რუსეთის მხრიდან ანდრეი რუდენკო ჩაერთო. ადრე რუსეთის დელეგაციას გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობდა.
„ბოლო დროს ჟენევის დისკუსიები წრეზე ბრუნვას დაემსგავსა და გვსურს იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მაინც მოვახერხებთ რაიმეს გაკეთებას. ყოველ შემთხვევაში, დეესკალაციას მაინც მივაღწევთ საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონში", – აღნიშნა რუდენკომ.
ბოლო პერიოდში ვითარება ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ წნელისში შეიარაღებული ძალების „არაპროპორციული გადაადგილებისა" და შემდგომ სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის შემდეგ გამწვავდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. თბილისმა აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვის საპასუხოდ მიიღო, როდესაც მან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.