საქსტატის მიერ 21 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2010 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 6% შეადგინა, ხოლო 2010 წელს მშპ-ს რეალურმა ზრდამ – 6,4%.
2009 წელს საქართველოს ეკონომიკაში 3,8-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.
მშპ-მ მიმდინარე ფასებში 2010 წელს 20,79 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 15,6%-ით მეტია.2010 წელს მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,9%) და ვაჭრობა (16,6%); შემდეგ მოდის სახელმწიფო მმართველობა (13%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,6%) და სოფლის მეურნეობა (8,4%).
2010 წელს ყველაზე დიდი ზრდა აღინიშნა გადამამუშავებელ მრეწველობაში (20,36%); შემდეგ მოდის ფინანსური სექტორი (14,7%); ვაჭრობა (14,1%); ტრანსპორტი (13,1%); სასტუმროები და რესტორნები (12,9% ).
საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს სოფლის მეურნეობაში 1,7-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.